საქართველოს სამთო კურორტებზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში და მთიან აჭარაში გამოჩნდა ახალი, BRP SKI-DOO RENEGADE X 1200 თოვლმავლები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სათხილამურო კურორტების პატრულირებისთვის იყენებს.

„უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია სამთო კურორტებზე. მოხარული ვართ, რომ არჩევანი სწორედ ისეთი ბრენდის სასარგებლოდ გაკეთდა, როგორიცაა კანადური კომპანია BRP-ი, რომელიც აქცენტს ხარისხსა და საიმედოობაზე აკეთებს. პატრული BRP SKI-DOO-ს თოვლმავლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს სამთო კურორტების დამსვენებლების უსაფრთხოებას“. – განაცხადა კომპანია ტრანსპორტერის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, სერგი შუღაროვმა.

სკი-პატრულის პროექტი პირველ ეტაპზე 2016 წელს გუდაურში განხორციელდა, რის შემდეგაც  ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკი-პატრული ზამთრის კურორტებზე თხილამურებისა და თოვლმავლების მეშვეობით მაქსიმალურად დაიცავს დამსვენებელთა უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 2018 წლის იანვრიდან დღემდე სკი-პატრულმა დახმარება აღმოუჩინა 143 ადამიანს, მათ შორის, იპოვა 11 დაკარგული პირი.

SKI-DOO-ს თოვლმავლების გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყო კომპანია ტრანსპორტერმა – BRP-ის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში.